ინგრედიენტები იგივეა, დოზირება ინდივიდუალური.

გლობალური მიგრაციის პროცესი სკაიპის გარეშე ალბათ დიდ შეგრძნებებს დაკარგავდა. სკაიპი გახდა საშუალება, ლაივში შეხედო, მოისმინო და მონაწილეობა მიიღო პროცესებში, რომელიც … ზოგჯერ არ გინდა.

მე სკაიპში ყველაზე ხშირად დედაჩემს ველაპარაკები, და ეს საუბრები ბევრ სხვადასხვა შეგრძნებებს იწვევს ჩემში.

ზოგჯერ, როცა ჩავტკბებით და ძველ ამბებს გავიხსენებთ, ზუსტად ის ღურბელი დგება ჩემი ბერლინური ბინის სამზარეულოში, რომელიც ჩემი ქუთაისური ხრუშჩოვკის გაზის ქურას ზემოდან ადგას.

ზოგჯერ, როცა დედაჩემს მეზობლების და ნათესავების პრობლემების მეტი სალაპარკო არა აქვს, ნერვები მეშლება. ვრთავ ჩემს ეზოთერულ სენსორებს და ვცდილობ ეს ნეგატიური ენერეგია, სასწრაფოდ გავფილტრო ჩემგან და დავიკიდო, რომ ქართველებს რეალობის შეგრძნება დრო და დრო ეკარგებათ. რომ ჩვენ ერთი მოძალადე საზოგადოება ვართ და რომ ეს არავის აკვირვებს და არვინ მუშაიბს თავის თავზე.

ზოგჯერ დედაჩემი მიყვება მთელი ქართული შოუების ყვითელ ამბებს, და ჩემს ოთახში დამპალი საცვლების სუნი დგება და მე ეგრევე შოკოლადის ჭამას ვიწყებ, რომ ეს წესით არარსებული სუნი გავაქრო ჩემი ოთახის აურიდან და დავივიწყო, რომ ვიღაც ჯაჯანიძე საქართველოში რეიტინგზე მსჯელობს და იმაზე რომ ამ ამძღნერილი ხალხის საყურებლად დედაჩემი და სხვა დანარჩენი გულზეხელდაკრეფილები კაბელურის გადასახადებს პირველ რიგში იხდიან, იმისთვის რომ არ „გამოშტერდნენ“. ჰო, ასეა. ქვეყანა ამ შოუების იმედზეა აშკარად, ამ ადამიანების იმედზეა, ჯაჯანიძეების, ჟორჟოლიანების, ასათიანების, და სხვა დანარჩენი რეიტინგულების.

ყველაფერს ამას რომ მოვისმენ, მერე მიჩნდება კითხვა, რა მენატება კონკრეტულად? ესაა ის ყვეყანა, რომლის დიდი ნაწილი ამ რეიტინგულებით ირთობს და ივიწყებს თავს? მე ასეთი ადამიანები არ შემინახავს და არ წამომიღია 12 წლის წინ ჩემი ემოციური ზარდახშით. და როცა ამ აზრამდე მივდივარ ვთიშავ სკაიპს.

მერე ვფიქრობ, რა რაციონალური გავხდი. როგორ გავუუცხოვდი ჩემს მშობლიურ გარემოს, გავუუცხოვდი კიარა, მომენტებში გული მერევა მასზე და საშინლად აგრესიულად ვრეაგირებ. თუმცა იმასაც ვხდები, რომ ზარდახშა, სადაც ჩემი ემოციების ნამცეცებიღა დარჩა, აუცილებლად და სასწრაფოდ შესავსებია. და ამ ზარდახშას ვერ მივსებენ ის ადამიანები, რომლებიც პროგრესულად აზროვნებენ და გულისამრევს არაფერს აკეთებენ.

და ამ ზარდახშას კიდევ, ჩემი ცნობიერების ერთი ნაწილისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, იმისთვის, რომ ჩემი იდენტობის ჩამონგრეული კედელი შეაკეთოს! და ეს იდენტობა, კიდევ ისაა რაც 12 წლის წინ თან წამოვიღე.

ადამიანების დიდი ნაწილი, რომელიც ამ ეროსის, სიცოცხლით დატენილ ემოციას ატარებს, ზოგჯერ მგონია რომ ისე არტისტულად ცხოვრობს, თითქოს სცენაზეა, თითქოს ხვალ აღარ თენდებოდეს და სცენას და რეალობას შორის ზღვარს კარგავს. და ეს მღლის, ძლიან მღლის და ისევ იმედგაცრუებული ვხურავ ზარდახშას. და ველოდები იმ ცოტა, მაგრამ განსაკუთრებული ადამიანების მწვანედ ანთებულ სკაიპს, ვინც დღემდე ჩემს შიგნით აშენებულ ნგრევადაწყებულ კედელს, ამაგრებს და აძლიერებს. და უცებ რეკავს დედაჩემი.

მე: – სად მიდიხარ?

დედა: – გასვენებაში.

მე: – ამ ჯერად ვინ მოკვდა?

დედა: – ძველი მეზობელი, ახვლედიანების ნათესავი.

მე, რა  რათქმა უნდა, არ მახსოვს ეს ძველი მეზობელი და ვფიქრობ იმაზე, თუ რატომ ვიგებ ყოველ დარეკვაზე მომდევნო ქართული სიკვდილის ქრონიკას და გერმანიაში 12 წლის განმავლობაში 1 ადამიანი, ჩემი ექს ბოიფრენდის ბაბუა მოკვდა, ვისაც პირადად ვიცნობდი.

– კაი, წავედი – ვეუბნები დედას და ვხურავ ლეპტოპს, რომ ჩემს შვილს წინა საშობაო განწყობა შევუქმნა.

ადვენტის სანთლებს ვუნთებ – იოს, ტომ უეითს – ოთახს, და ჩემს სულს რძიან დაბლ ესპრესოს ვუკეთებ. ყველაფერი როცა ზღაპარს ემსგავსება ვტეხ ნიგოზს, ვიყრი პირში და ზემოდან ვასხამ თაფლს.

ასე იჭმება ქართული გოზინაყი და ემოცია გერმანიაში.

ინგრედიენტები იგივეა, დოზირება ინდივიდუალური.

პირში იყრი ყველაფერს ცალ-ცალკე და ცოტას, დახუჭავ თვალებს და წახვალ წრეზე… და ტომ უეითსი მოგაძახებს Please call me, baby…

2015 ლელა ჩილინგარიშვილი