ამ ვორდის დოკუმენტის უკან უამრავი გვერდია გახსნილი. რა თქმა უნდა ფეისბუქი, რომელიც ჩემი სიცოცხლის დროის მჭამელია. ჩვეულებრივი მჭამელი. ჭია. და რომელსაც ვერ ვიშორებ. ჩემი დაღლილი ნაწილი ვერ იშორებს. განტვირთვაში მეხმარება (ჩამერთო თავის მართლება).

წერას რაც შეეხება, სანამ ამ მომენტამდე მივალ და წერას დავიწყებ, ყოველთვის ვწვალობ, თავს ვიდანაშაულებ, რომ არ ვწერ. წამალივითაა, რომლის მიღება გავიწყდება ან არ გინდა. და რატომ არ მინდა? იმიტომ რომ ფსიქოთერაპიაა. ჩემს თავში ვიჩხრიკნები და ეს ჩხრიკნა ზოგჯერ ისეთ ხიწვს აწყდება, რომ თითებს ვიჭრი და სისხლიც მდის.

ამ ფაილის უკან უამრავი საფენებია. ამ ტესტის ქვეტექსტები, რომლებისაგან თავი უნდა გავინთავისუფლო სწორედ ამ მომენტში, როცა ვწერ. ამ სიტყვას ვწერ, ახლა, რომელსაც შენ კითხულობ.

კი მართალია, მე ამ სიტყვებს ახლა ვწერ, მაგრამ მთელი დღე ვფიქრობ მათზე.

მე მათ ჰაერში ვიჭერ, ვკოცნი, ვკოცნი და როცა ვწერ მერე ვათავისუფლებ. ცოტა სადისტურია, იმიტომ რომ სიტყვები ყველასია, სიტყვები თავისუფალი მცნებები არიან. სამაგიეროდ მათი ერთმანეთთან კავშირია ჩემი. მე ვაკავშირებ მათ ერთმანეთთან და ამ კავშირებში ვამწყვრევ მათ. ეს კავშირები სარდაფშია. ეს სარდაფი კიდევ მთლად სარდაფიც არაა. სარდაფია აივნით. ანუ თავისუფლებასთან ახლოს.

ჰოდა, ამ სარდაფის კარის გაღებას ჰგავს ეს ციფრული ფურცელი. მის უკან კიდევ ოთახებია, ოთახებიდან ოთახებია და ამ ოთახებში ყველგან, ახალ-ახალ საფენებში გახვეული ისტორიებია.

ამ ისტორიებში აბნეული ჩემი ნაწილები, ზოგჯერ 3 ველზე ერთდროულად თამაშობენ. ერთი ოთახიდან მეორეში შედიან და სახეს იცვლიან, მერე ბოლოს ეს მეები სახლში, ჩემს წითელ დივანზე ერთმანეთს ხვდებიან, ხელს ართმევენ და ბიძია სიგმუნდაც იწყებს კითხვების დასმას, თეთრი ციფრული ფურცლიდან, რომელსაც შენ ახლა კითხულობ.

IMG_5878

Berlin, 12.04.2018