Meine Oma und die Anderen

ციმციმებს კურსორი და მელოდება… მელოდება, როგორც მე დაღლილი ბებიაჩემის სიკვდილს ველოდი.

სადღაც ორი კვირს წინ გაურთულდა მდგომარეობა. ჩემი მშობლები ჩემთან იყვნენ ერთი კვირით ნოემბერში და როცა უკან დაბრუნდნენ, უკვე რაღაცნაირად შეიცვალა. დედაჩემს ხედავდა, ეძახდა და მაინც დედაჩემს ეძებდა… მეორე მარინას…

უკვე 15 წელია წასულები ვართ მე და ჩემი ძმა, უკვე 10 წელია ჩემი მშობლები შვილიშვილებს საზღვარგარეთ სტუმრობენ, ან შვილიშვილები სტუმრობენ მათ, რამოდენიმე კვირით წელიწადში.

უკვე 15 წელია, ჩემი დედა და მამა, შვილების და შვილიშვილების გარეშე ცდილობენ თავიანთი ფუნქციების შენაჩუნებას. ადამიანის მთავარი ფუნქცია, საქართველოში, ხომ სხვა თანაადამიანებზე ზრუნვაა. და სწორედ ამ რთულ მომენტში ჩაგვანაცვლა ბებიაჩემმა მე და ჩემი ძმა, და ჩვენი შვილები. ოთხი ადამიანი ჩაგვანაცვლა ნათელა გამყრელიძემ.

ის იყო ხან ჭირვეული და ხან დინჯი ბავშვი. ჩემი გაწონასწორებული ბებია, რომელსაც “ბებიას“ ვერ ვეძახდი, მხოლოდ, „ბებოს“. ბებია, რომელიც დიდად არც შვილიშვილებს და არც შვილთაშვილებს არ გვეფერებოდა. ბებია, რომელიც სულ  თავდაჯერებული, სიტყვამოზომილი და ჭკვიანი მახსოვს. ბებია, რომელსაც ვერ გაეხუმრებოდი, ბებია, რომელიც ყველას თავის ადგილს მიუჩენდა ხოლმე. მათ შორის მეც. ბებია, რომელიც ქუთაისურ კილოს თავს არიდებდა და როგორც ფილოლოგი, ყველას ქართულს გვისწორებდა.

ბაბუაჩემი მასზე 11 წლით უფროსი იყო. როცა მისი ფოტოები ვნახე, სადაც 21 წლის ულამაზესი გოგო იღიმოდა, ვკითხე, ბაბუაჩემს როგორ გაჰყევი თქო.

„მე სვანეთში დავიბადე. ჩემი სოფლიდან (უშგულთან, კალას გულისხმობდა) სკოლაში ცხენით დავდიოდი, კითხვა მიყვარდა, მამაჩემი სკოლის დირექტორი იყო და საშინლად ანტი. (ანტი, კომუნისტური პარტიის და საბჭოთა სისტემის არ გამზიარებელს ერქვა). მერე ომი დაიწყო, ჩემი 17 წლის ძმა ომში წავიდა და აღარ დაბრუნდა. ჩემი ახალგაზრდა დედა, ასათიანის ქალი, ამ ამბავზე ნერვიულობას შეეწირა. ასე, უდედოდ დავრჩი. მერე მამაც მოკვდა. მე და ჩემი და ქუთაისში წამოვედით, ჩვენს დეიდასთან. მე ფილოლოგიურზე ვსწავლობდი. მძიმე დრო იყო. საქმროებიც თითქმის აღარ იყვნენ. სწორედ ამ დროს მიმიწვიეს ჩილინგარიშვილებთან ოჯახში და წარმადგინეს ბაბუაშენს. მათი ოჯახი ძალიან ცნობილი იყო ქუთაისში. მათ საკონდიტრო ჰქონდათ და 9 ბიჭიდან ყველა რაღაც განსაკუთრებული იყო თავის საქმეში. იმ დროს, 9-ვეს საუნივერსიტეტო განათლება ჰქონდა რუსეთში მიღებული. ადვოკატები, ეკონომისტები, ინჟინრები, ექიმები და მუსიკოსები იყვნენ. მათი დედა, ანიჩკა მეფისაშვილი ჩემი მეორე დედა გახდა. მან მასწავლა მათი „ენა“ და შემიყვანა მათი  ოჯახის ყოველდღიურობაში… და ეს ყოველდღიურობა, არ ჰგავდა იმ ყოველდღიურობას, რომელიც ომის შემდეგ ჩვენს ძველ ქალაქში იყო. ზუსტად ამ დროს, ზუსტად ამ პირობებში, დავთანხმდი ქორწინებაზე, მამაკაცზე, რომელსაც არ ვიცნობდი, და რომელიც იმ დროს გერმანიაში ცხოვრობდა. როგორც სამხედრო ექიმი, ომის შემდეგ ჰოსპიტალში დარჩენილ ჯარისკაცებს უვლიდა, ახალ ბრანდენბურგში. და მეც იქ წავედი. 21 წლის გოგო, რომელმაც არც რუსული და არც გერმანული არ იცოდა, მატარებელში ჩავჯექი და ძალიან ბევრი მგზავრობის შემდეგ, ბერლინში, სადგურზე დამხვდა მაღალი, ცისფერთვალა კაცი, მწვანე სამხედრო კიტელით. ბაქანზე რომ დავინახე, გაქცევა მომინდა, მაგრამ არ გავიქეცი. და შენ, ასეთ დროს რას იზამდი?“. – მკითხა ბებიაჩემმა.

მერე? მერე იყო დეპრესია, რომელიც ბებიაჩემს ჰქონდა გერმანიაში. ამაზე კონკრეტულად არ ლაპარაკობდა, მაგრამ მიმანიშნებდა. მის ჭკუას, ყოველთვის სჭირდებოდა დამხვედრი აზრი. ისე ვერ გაიგებდი, რას გულისხმობდა და შეიძლება ამ დროს, დაეცინა კიდეც შენთვის. ეს დეპრესია აუტანელი როცა გახდა, ჩაალაგაეს თავიანთი გერმანული ავეჯი და ჭურჭელი, რომელიც ომის შემდეგ დამშეულ გერმანელებს რუსულ მაკარონში და ბრინჯში გადაუცვალეს და დაადგნენ ფურგუნიანი, მოჯაყჯაყე მანქანით გზას საქართველოსკენ. ბებიაჩემი 7 თვის ფეხმძიმე იყო მამაზე. გზაში მშობიარობა დაეწყო და მამაჩემი ლიტვაში ნაადრევად დაიბადა. ბებიაჩემი მიყვებოდა, თუ როგორ წაიკითხა მის პაწაწუნა ხელზე ნომერი 15 ლიტვურად.

მერე? მერე ისევ ახალი ქვეყანა, აზერბაიჯანი. ბაბუაჩემი ამჯერად ბაქოში გაანაწილეს. მამაჩემი და ბიძაჩემი სკოლაშიც იქ დადიოდნენ. იქ ისწავლა ბებიაჩემმა სხვა სამხედრო ექიმების ცოლებისგან საოცარი საჭმელების მომზადება. შვილებიც გაზარდა და სადღაც 20 წლის შემდეგ ოთხივე უკან დაბრუნდნენ ქუთაისში.

ბაბუაჩემი სასწრაფოში მუშაობდა და მისი ცოლი ისევ ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა. მთელი ღამის მორიგეობიდან მოსული, ნათელას სმეტანის გამო, სპეციალურ მაღაზიაში დაუზარელად წავიდოდა. სოკოზე დადიოდა წვიმის მერე, წვერს ყოველ დილით იპარსავდა, ლიფტს არ ხმარობდა, სულ ფეხით დადიოდა კიბეებზე. აი, ასეთი იყო ბაბუაჩემი და აი ასეთი ბებია მომიკვდა წუხელ.

მათ დამიტოვეს ის განსაკუთრებული შეგრძნება, რასაც თავად ატარებდნენ და რაც ისე მიმოაფრქვიეს ჩემი პიროვნების საძირველში, როგორც ფხვიერი მიწა  პატარა და სუსტი ხისთვის. მეც ვირხევი წინ და უკან, მარცხნივ და მარჯვნივ და ვგრძნობ ფესვებს, რომელიც მიკავებს და არ მომცემს საშუალებას როდესმე წავიქცე.

18.03.2019

ლელა ჩილინგარიშვილი