დაშორება

16 წლის წინ ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. მგონია, ვერც ვერასოდეს ვუგებდით ერთმანეთს. ალბათ, ამიტომაც, მე ის არასოდეს მომნატრებია. 

ჩემთან და ჩემში არიან ადამიანები, რომლებიც მის არტეფაქტებს სათუთად ინახავენ, მისით ცოცხლობენ, მასში ცხოვრობენ. და მე, ამ ადამიანებს ჩემი უჯრედებით ვატარებ.

ამ ადამიანების მიმართ მაქვს გრძნობები, რომლებიც მუმიფიცირებულია და წმინდა. ოღონდ ამ გრძნობებს არა აქვთ ფონი, გარდა უსინათლო კედლებისა. ჩემი ბავშვობა და თინეიჯერობა გიზგიზებდა სინათლეწასულ სახლებში, იმედებზე მოთევზავე ადამიანებთან ერთად. ბნელი ოთახების ჩრდილებში, რომელთა დატოვებაც მე არ მინდოდა. მე ვერ ვპოულობდი ჩემს პეიზაჟს, ხედს და ამინდს ამ კედლებს მიღმა.

16 წლის წინ ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. მგონია, ვერც ვერასოდეს ვუგებდით ერთმანეთს. ალბათ, ამიტომაც, როგორც ადგილი, მე ის არასოდეს მომნატრებია – ჩემი მშობლიური ქუთაისი.

.. ხომ არსებობენ ქალაქები, რომლებშიც გადათხრილ გზებზე მოჩიქჩიქე გაფუჭებული ტრანსპორტი და დაღლილი ხალხი არაფრისკენ მოძრაობენ. ეს ქალაქი არც მოძრაობდა. ის იდგა. ურბანულ კომაში. ასეთი დავტოვე და ასეთი წამომყვა.

მაგრამ

ბევრი ცვლილება მოხდაო, მეუბნებოდნენ, მეც ვნახე ეს ცვლილებები. გამეხარდა. და დღეს შემთხვევით წავაწყდი ერთ კადრს.

ბანალური ტრივიალურობა: ქუთაისი ზამთარში, პირველი თოვლი. და უცებ მივხდი, რომ ეს ტექსტი უნდა დამეწერა. ჩემს მშობლიურ ქალაქზე, რომელიც 16 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ მომნატრებია. 

და მაინც რა მითხრა ამ კადრმა?

თოვლი და ზამთარი ამ ქალაქში, ჩემთვის კარგად ნაცნობი, ჩიხში ძილის სევდა იყო და მივხვდი რომ ეს სევდა არსად არ წასულა.

აქტუალური ბარები და რესტორნები ქუთაისში

ეს hot spot-ები, ევროპის ქალაქების შეგრძნებას ტოვებენ, თითქოს ამ კოხტად მოწყობილი ბარებიდან რომ გამოდიხარ, მართლა რაიმე მოძრაობს და იცვლება გარეთ. თითქოს ეს ადგილები ტრამპლინი იყოს, საიდანაც ურბანულ რითმში გადაეშვები. მაგრამ ვერ მოგართვით. აჯობებს ამ ბარებში დარჩეთ. ბევრი მაინც იყოს… თუმცა ასეთი ადგილების სიმცირე, კაპიტალისტური მიზეზებით, მოთხოვნის და შეთავაზების პროპორციულობით აიხსნება. ქუთაისში აეროპორტია, რომელსაც ეს ეს „მოთხოვნები“ ჩამოჰყავს. მაგრამ, რადგან ამ ქალაქში დიდი ხნით არავინ რჩება, ეს ფერადი ადგილებიც, თითზე ჩამოსათვლელია.

თუმცა რაც არის, მართლა კარგია. ეს სამი ან ხუთი სცენა, მყუდრო კაფეები და რესტორნები, ისეთი როგორიც ბერლინშია და ისეთი როგორც ბარსელონაში, ენერგიის ილუზიას აჩენენ, რომელიც იქვე კვდება, როცა ამ ადგილებს ტოვებ.

ამ ქალაქს დაეკარგა ენერგეტიკა. ის დგას და მას არსად არ ეჩქარება. დგას და არაფერს არ გპირდება.

თუ შენ გინდა იგრძნო და ნახო, ის, თუ რა იწვევს მის ამაყ თვითკმაყოფილებას, მაშინ, ის უნდა დატოვო. და „ქალაქიდან უნდა გახვიდე.“

თუ შენ მისი ძველი დიდება არ გაინტერესებს, მოწამეთა, გელათი და ბაგრატი მოგწყინდა, ქუთაისური ურთიერთობები და კოლორიტები ყელში ამოგივიდნენ, პირველი სკოლის მოსწავლეების ბრუნვებში ტრიალი აღარ გინდა, და უბრალოდ გინდა დაჯდე სადმე და ნახო, როგორები არიან ადამიანები, როგორია ქალაქის დინამიკა, ქალაქის მუსიკა, მისი რითმი. მაშინ წამოვა ის უიმედო თოვლი, რომელმაც მე ეს ტექსტი დამაწერინა, იმიტომ რომ ოთახებს და ბარებს გარეთ, ამ ქალაქს პულსი არ ესინჯება.

ეს ახალი ადგილები, პატარა ურბანული სამოთხეები, დგანან, როგორც ადრე, ატრაქციონები, ფიტულა-დათვები. მიხვალ მათთან, ნახავ, გაიცნობ, ფოტოს გადაიღებ, მოგეწონება, შეიძლება თქვა, „ვა, რა კარგია.“ მერე დამთავრდება ეს აღფრთოვანება და დაიწყება მოწყენილობა, რომელსაც ამ ქალაქში ადამიანები, იუნესკოს არამატერიალურ მემკვიდრეობაში შესატანი იუმორით ნიღბავენ. და კიდევ, ყველაზე პესიმისტურად ოპტიმისტური ფრაზით: ყველაფერი კარგად იქნება!

ენა და ფილოსოფია

ქალაქებს თავიანთი ენა და ფილოსოფია ზრდით. ჩემი მშობლიური ქალაქი, წაქცეულ, მაგრამ ამაყ ენაზე ლაპარაკობს. ის სხარტია და დეკადენტური. ეს ორივე თვისება მომწონს, და მეც მის ენაზე ვლაპარაკობ, მაგრამ მსხვერპლის როლი, ყველგან და ყოველთვის მძულს. 

„ძველი დედაქალაქი, კულტურის აკვანი, 3000 წლის ისტორიით და დღეს არავის ახსოვს.“

„ასეთი ძველი ქალაქი და ასეთი დაქცეული, ყველა აქედან გარბის.“ 

„ასეთი ნიჭიერი ადამიანები და ასეთი უსამართლო სამყარო.“ 

„ასეთი ლამაზი ბუნება, და ვინაა მომვლელი და დამნახავი.“

„ასეთი ჭკვიანი და ინტელიგენტი ვარ მე და ასე ცუდად მომექცა ცხოვრება.“ 

მე დარვინისტი არ ვარ, მაგრამ მისმა ამ ფრაზამ ისე იმოქმედა ჩემს ჩამოყალიბებაზე, რომ ის წაკითხულიც არ მქონდა. ანუ, ეს ბუნების კანონზომიერებაა და ჩემთვის ფაქტიურად რელიგია.

მიახლოებითი თაგმანით ასე ჟღერს: „გადარჩენას, ვერც ყველაზე ძლიერი და ვერც ყველაზე ინტელიგენტი სახეობა ვერ ახერხებს, არამედ ის, რომელიც ცვლილებებისთვისაა მზად!“

მართალია ეს იდეა ბუნების, ანუ ქაოსის წესია, ხოლო ქუთაისი, კულტურული ტბაა, რომელსაც შენაკადები არ სჭირდება.

ამიტომ, ჩემთვის, აქ, იუმორის გარდა, ყველაფერმა ფერი დაკარგა.

ამ ქალაქს, ჩემთვის არა აქვს ურბანული, მჩქეფარე ხაზი, გზა რომელსაც გაჰყვები და ეს ენერგია სადღაც მიგიყვანს, შენთვის უცნობ ადგილას, უცხო ადამიანებთან, უცხო განწყობას გაჩვენებს. ახალ შეგრძნებებს გაგიჩენს.

ამ ქალაქის გზა შეკრულია, წრიულია (ტრასნპორტიც ამ წრეზე დადის და ასედაც ქვია) და ამიტომაც, ის დიდი ხანია თვითმყოფადია, თავის თავში არსებული.

მას ჩემი ეს შეფასებაც სულ ეკიდა და ახლა ეს „ოდაც“ ძალიან კიდია.

ის 3000 წლისაა და მე ასამდეც ვერ მივალ.

მაგრამ მე ვიცვლები და შეიძლება ეს აზრიც შევიცვალო.

31.10.2020

ლელა ჩილინგარიშვილი