მთავარ როლებში: მიმტანი, ქალი და კაცი.
– ერთი ანდა, ორი კაპუჩინო, ქფქაფა რძით, ყავაში თვალჩაკიდული „აბა,რას შვები, როგორა ხარ?“
– ერთი კოვზი და მისი შაქარი, თვალებიდან გამოწურული თაფლით. „სულ მეცეკვება და მემღერება, ისე კარგად“.
– ორი ვისკი და ერთი შემწვარი კარტოფილი, პომიდვრის საწებლით. „თუ ეგ ორი ერთმანეთს არ უხდება?“
-არა, ერთი ყველის ასორტი და ნახვრეტებში დატოვებული სუნთქვები აჯობებს. „სცენა გვინდა ჩვენ, უფრო სწორედ შენ გინდა, მე კი მაქვს აგერ.“
– და თეთრი, მშრალი ღვინო, უთქმელი სურვილებისგან მუცელგასივებული ჭიქით. „შენ საერთოდ სცენაზე ცხოვრობ, მე თუ მკითხავ, ზოგჯერ თეატრიც მოსაწყენია, თან სულ ასე უფასო!“
– გამომშრალი და დატკეპნილი ყოყმანი, შიშშერეული და მარილიანი თხილები, ყელში რომ გეჩხირება და მაინც ჭამ! „და სულ სიმღერა და ცეკვა არ სჯობს, სულ სიმღერის და ცეკვის სურვილს?“.
– ორი მდორე, დაბანდული და ამღვრეული ლუდი, ჩუმი ტალღებით სადღაც კუჭთან, და იქვე კუჭთან ჩამოკიდებული სულგუნი, დიდი ხნის გადანახულ ვნებაში შებოლილი. „დიდი სურვილი აძლიერებს მიღწეული მიზნის სიხარულის ხარისხს!“
– პატარა და ანკარა ცეცხლები, 49 გრადუსიანი, ლუდის ტალღებს რომ შეერევა, იმფერი. „ამ მომავალში რო ლაპარაკობ, ბატონები არ დაგემართოს, არაა მაგი კაი, სად უცადო ახლა მიზნის ასრულებას, აგერ ვარ მე, აგერ ხარ შენ და აგერაა სცენა!“.
– ანგარიში მოგვიტანეთ: „მაგ სცენაზე მთავარი როლებში ვინ არიან?“.
– თქვენი გადახდილია: „შენი სურვილების ამსრულებლები!“.
– მადლობა, არ იყო საჭირო, რატომ შეწუხდი: „წამოდი, მაშინ სხვაგან წავიდეთ, კიდე ბევრი სურვილები მაქვს მე!“
– „იკეტება, გოგო, თეატრი, ვეღარ მივასწრებთ!“
ფარდა.
ლელა ჩილინგარიშვილი