ვარდნის ანატომია.
უზენაესი სამართალი
ამ ფილმის მთავარი ხაზი დგას შემდეგ დებულებაზე. დემოკრატიულმა სისტემამ გადასცა სასამართლოს უზენაესი უფლება, განსაჯოს ადამიანების საქციელი და მიუსაჯოს მას შესაბამისი სასჯელი ან გაამართლოს ის და სცნოს უდანაშაულოდ. თუმცა ამასთან ერთად ფილოსოფიურად დიდი ხანია ვიცით, რომ სიმართლე არასოდეს არაა ობიექტური. ვიცით, რომ გააჩნია პერსპექტივას, საიდან ხედავ შენ სინამდვილეს, რა მოქმედებს გადაწყვეტილების მიღების დროს, როგორია საკუთარი გამოცდილებები, ემოციური მდგომარეობა, როცა ვინმესკენ ხელს იშვერ, როცა ვინმეს ბრალს დებ, ან აღიარებ მის უდანაშაულობას.
სასამართლო პროცესი მარტო მოსამართლეც არაა. ეს ერთი დიდი ორგანიზმია, სადაც არა მარტო მოსამართლეს, ან ნაფიც მსაჯულებს, არამედ ყველა მოწმეს, დამნაშავეს, პროკურატურას და ყველა იქ მყოფ ადამიანს შეაქვს თავისი წვლილი გადაწყვეტილების მიღებაში. ობიექტური სიმართლის თემას ბევრი უპასუხო კითხვა შეიძლება მოჰყვეს და ამ უპასუხო კითხვებს ეს ფილმი აუცილებლად აჩენს.
ადამიანური მორალი
სასამართლოს, როგორც ინსტიტუციის საპირისპიროდ, ამ ფილმში დგას ასევე ადამიანური მორალის თემა. ეთიკური ნორმების თემა, რომლებიც არც ერთ კანონში არ წერია და თან ადამიანებისთვისაც სხვადასხვანაირია. განსაკუთრებით დღევანდელ პოსტპოსტპოსტსტრუკტურალურ და პოსტფაქტიურ რეალობაში. „ვარდნის ანატომიის“ სიუჟეტის მიხედვით, შეიძლება სხვადასხვა მოვლენებისთვის, სხვადასხვა მიზეზებისთვის, სხვდასხვა ადამიანებზე ცალცლაკე ვიკითხოთ, ვინ არის აქ დამნაშავე? ანუ როგორც სიმართლე არაა ერთი, არ არსებობს ერთი აფსოლუტური დამნაშავეც, ყველა რაღაც დროს რაღაც შეცდომებს ვუშვებთ, ბოლოს შედეგის წინაშე ვდგებით და ერთ დამნაშავეს ვეძებთ.
ამასთან ერთად, ფილმში სიმართლის და მორალის ტრანსფორმირების შესაძლებლობაცაა ნაჩვენები. ანუ როცა სიმართლეს ვერ აგნებ, უნდა მოიფიქრო საკუთარი სიმართლე, რომელიც სუბიექტურია და ეყრდნობა იმას, თუ ვინ გინდა იყოს გამარჯვებული, და რა გინდა დაიჯერო. ფილმის ბოლო არის ზუსტად ამ პროცესის გაცხადება, თუ როგორ შეგიძლია შექმნა საკუთარი სიმართლე, როცა ობიექტური სიმართლე არ იცი. ეს აქ შეიძლება ბავშვის სიბრმავის მეტაფორითაც შეიძლება იყოს გამოხატული. სიბრმავე, ოღონდ როგორც არცოდნის სიმბოლო, და არა როგორც სიბრძნის.
ოჯახური ვარდნის ანატომია
მეორე სიმბოლო ჩემთვის ამ ფილმში თავად ვარდნაა, ვარდნის ანატომია, როგორც ცალკე აღებული ფენომენი. პროცესის განმავლობაში ეს ფენომენი ათასნაირად იქნება ინსცენირებული, გამოკვლეული. მასზე დაკვირვება, ჩემთვის ერთი ოჯახის ნელ ვარდნას ასახავს. ამიტომაც, უზენაესი სამართლის არსებობის ეჭვთან ერთად, ეს ფილმი ერთი დღევანდელი ევროპული ოჯახის ნელი ვარდნის პორტრეტია. და ამ მიზეზით. ჩემთვის პირადად, ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმს ასრულებს – ის აქტუალურია!
ინდივიდუალური და კოლექტიური ბედნიერება
ან ინდივიდუალური და კოლექტიური ბედნიერების კონფლიქტი ოჯახის ჭრილში. კოლექტიური, ამ შემთხვევაში სამკაციანი ოჯახია, ბავშვით, რომელიც დაბრმავებულია და ძაღლით, რომელსაც ასევე ზრუნვა სჭირდება. ინდივიდუალური და კოლექტიური ბედნიერების კონფლიქტებში მოიაზრება საკუთარი თავის რეალიზების, კარიერის, სექსუალობის, დროის და მისი ორგანიზების თემები და ამასთან ერთად ოჯახური კეთილდღეობისთვის, საერთო ბედნიერებისთვის ზრუნვის სამუშაოები. და ყველაზე მთავარი კითხვა, თუ ვინ ადგენს, რამდენი დროა საკმარისი ინდივიდუალური და რამდენი საერთო ბედნიერებისთვის? არსებობს ამ დროს მსხვერპლი და მოძალადე? არის უგულველყოფა ძალადობა? თუ უფრო საკუთარი თავის მიმართ სიბრალულუია სხვაზე ემოციური ძალადობა?
კარიერა მწერლობა
როცა კარიერაზე ვლაპარაკობთ, აქ საინტერესოა, კერძოდ რომელ საქმიანობაზეა ლაპარაკი. ამ ფილმში ცოლიც და ქმარიც მწერლები არიან. ანუ საქმე ეხება ხელოვნებას, როგორც ხელობას, სადაც მნიშვნელოვანია ამ საქმის მიმართ დამოკიდებულება.
ამ ფონზე, ტივტივებს სიუჟეტის ერთი დეტალი, ქალი წერს წიგნს, სადაც იყენებს კაცის მანამდე დაწერილ, მაგრამ გამოუქვეყნებელი წიგნიდან ერთ სიუჟეტს. ქალი ხდება წარმატებული, კაცი დეპრესიული, ოღონდ აქ არ აქვს ამ ერთ „მოპარულ“ სცენას არამედ დისციპლიას, მნიშვნელობა.
ანუ საბოლოოდ არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის კრეატიული, არამედ ვის მეტი დრო, თავდაჯერებული მიდგომა და დისციპლინა აქვს კრეატიული იდეებისთვის ფრთებშესასხმელად, ვის შეუძლია ოჯახის და საქმის დისციპლინირებულად გაყოფა, ვინ არ იბნევა პასუხისმგებლობებში, ვის შეუძლია მზრუნველობის ზომის და დროის კონტროლირება.
ერთი რაც უნდა აღინიშნოს, უბრალოდ როგორც ფაქტი, ესაა რომ ამ ფილმში როლებია შეცვლილი, ან უფრო სწორად კარგად დაყენებული. რეჟისორიც ქალია და ვფიქრობ, დგას თუ არა აქ ღიად ან შეფარულად როლების გადანაწილება, ეს სხვა თემაა.
რადგან ამ ფილმში წამოწეულია სამართლიანობის თემა, იმ წამსვე გამახესენდა 12 განრისხებული მამაკაცი, და ის ფაქტი, რომ ამ ფილმში, ყველა მამაკაცია, ვისაც განაჩენი გამოაქვს. ამ ფილმში მთავარი ბრალდებული ქალია, რომელიც ირიბად და მორალურად ოჯახში მზრუნველობის არასაკმარისი გაწევისთვის არის ბრალდებული.
სამართლის და სასამართლოს თემაზე გამახსენდა სიდნი ლუმეტის ფილმი, 1957 წელს გადაღებული კლასიკა: 12 გაბრაზებული მამაკაცი. იმისთვის, რომ დავაკვირდე, როგორია დღევანდელი პრობლემების ჯაჭვი და როგორი იყო ის 1957 წელს, მაშინ, როცა ვფიქრობთ ქალების და კაცების როლებზე საზოგადოებაში და მაშინ როცა თემა სამართალს ეხება.
ლელა ჩილინგარიშვილი
26.12.20223