უშმელი
მხრებზე ვიწყობ ორ ო-ს:
ოთახი – ოვალური.
ო-ზე დაწყებულ თვალებს,
ქართულად სიმღერა არ გამოსდით.
ოო-ს საკმეველის იისფერი სურნელი ასდის და ო ემ-ს უერთდება თვალდახუჭულ სხეულებში.
მკლავებბზე ვიწყობ ორ აა-ს.
ამბავი და ამაგდარი და ვხედავ, რომ არ მყოფნის ორი ა. და ვამატებ:
ასფურცელა, ალი, ალისა.
Alice im Wunderland
Alice im Wunderland 2.
ინგლისურის ჩაყლაპული ee-ბი გერმანულ სათაურებში.
ეს e-ები, ყრუები, მინდა გავაცოცხლო ქართულში:
ალისე, ალისი, ალისა.
თვალებზე ვიწყობ ენას და ეროვნებას, ემოციას და ენათმეცნიერებას.
აქაც არ მყოფნის ორი ე.
ეები ერთვებიან ფერხულში,
ფეხის თითებში, გერმანულად უცნაურ სიტყვა- Zeh-ებში, ვგრძნობ ეე-ბის რიტმს.
ე-რი, ე-რო-ვნე-ბა. აჰა, ვნება გამოეყო ერს და ნეკა თითი ააღლევა.
ე-მო-ცია -ჩემი მუცლის კონსტიტუცია!
(ჩანართი: -ციაზე დასრულებული სიტყვები ციდან ცვივა.
ოპერაციაც კი ციურია.
ციაზე დასრულებული სიტყვები ჰაერთან წილნაყარი აბსტრაქტულობებია, მათ ვერ შეეხები, როგორც ცას.
როგორც უპირასახოცოდ შემშრალ წყალს, სახეზე.
აი, იზმები უფრო კლიზმებს ერითმებიან.
იიი+ზ , იზამს, რაღაცას, იზამს, რაც სხვას არ უნდა, ზარს რეკს აქ ზზზ და ყურში ისმის must, must…)
აი რა, კაი რა, დაირა – უშმელი, ის სიტყვაა, რომელიც დამავიწყდა, რას ნიშნავს და იქნებ არც არსებობს, იქნებ შევიწებე?
მე ხილი მგონია, ხორკლიანი კანით. მრგვალი ან ოვალური, მომწვანო- მოყავისფრო, კანი უშმელს გლუვიარა აქვს, უშმელი უმი ხორცივით მწკლარტეა. ჩაკბეჩისას მწყლარტდება, იწეპება, ცილებით ივსებაკბილები.
უშმელს მზე აქვს გულში, -კურკად.
კურკა რა სიტყვაა? აი, რუსული რომ გგონია.
მოკლე კუებს შორის მოქცეული ურ და სტოკატო ა-ზე. კ-ურ-კ-ა!
კურკის რითმა ხურდაა, ან ხურმა, ხურმა უშმელს ეძებს, მაგრამ უშმელის გული მზეა და არა კანი.
უშმელის ხორცი ცილაა და არა კანი.
უშმელის ხორცი ცილაა და არა სტაფილო.
უშმელის გემოს მწკლარტე ხმები აქვს და არა წვნიანი.
უშმელი უშველებელი, ურიცხვი დღეებია, დედაჩემი სახლის ეზოში, სადაც თეთრი სარეცხი ეკიდა ხეებსშორის და ამ ხეებს ესხათ უშმელი, ჰაერშიც იფრქვეოდა უშმელი.
ამ თოკზე გაჭიმული სარეცხი ფრიალებდა გემის აფრასავით, რომელიც დაცურავდა გაჭიმულ თოკზე.
იმიტომ რომ ცა ზღვა იყო ჩემთვის.
მე მიწაზე ვიწექი და ცა, რომელსაც ვხედავდი მეგონა ზღვა, რომელზეც თეთრი აფრები ფრიალებდნენ.
ამ ცებს და ზღვებს შორის ხარობდა უშმელი, რომელიც შეიძლება მე მოვიგონე და გამოვასხი ბავშვობისტოტებს.
ასეთი ხილი შეიძლება არც არსებობს.
არ არსებობს ან ურარსებობს. ურ-ზე დაწყებული სიტყვებივით, უშმელიც შორიდან მოდის.
Uranfang, Urvertrauen, Ursprung, Ursprache
პირველსაწყისი, პირველყოფილი, უფრო ძველი, ვიდრე მეხსიერება.
პირველუშმელი.
ლელა ჩილინგარიშვილი